„მივიწყებული დაავადებები“
XXI საუკუნეში პარაზიტული და ტროპიკული დაავადებები კვლავ რჩება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრიორიტეტად. საქართველოში რეგისტრირებულია 30-ზე მეტი პარაზიტული დაავადება.

პარაზიტულ და ტროპიკულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გავრცელების კონტროლის გარეშე მოსახლეობას ემუქრება მძიმე დაავადებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას და იმდენად ასუსტებს ადამიანს, რომ არ გამორიცხავს ლეტალურ გამოსავალს სხვა, თანდართული ინფექციების დროს. მხოლოდ სისტემატური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ აგვაცილებს ამ დაავადებებს.
XXI საუკუნეში პარაზიტული და ტროპიკული დაავადებები, ე.წ. „მივიწყებული დაავადებები“, კვლავ რჩება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) პრიორიტეტულ მიმართულებად. WHO-ს მონაცემებით მსოფლიოში რეგისტრირდება მალარიის 300 მილიონამდე შემთხვევა, მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი დასნებოვნებულია ნაწლავის პარაზიტოზებით. პარაზიტების ზემოქმედების რისკის ქვეშ არიან შინაური ცხოველები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მცენარეული კულტურებიც. თანამედროვე კლიმატური ცვლილებები არატროპიკულ რეგიონებშიც ქმნის ხელშემწყობ პირობებს „მივიწყებული დაავადებების“ გამომწვევებისთვის და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობას.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური ფაქტორები განაპირობებს სხვადასხვა პარაზიტული დაავადების, მათი გამომწვევებისა და გადამტანების ფართოდ გავრცელებას.
საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია პარაზიტულ დაავადებათა 30-ზე მეტი სხვადასხვა ნოზოლოგია, მათ შორის შემოტანილი პარაზიტოზები: ტროპიკული მალარია, ჰელმინთოზები — ნაწლავის შისტოსომოზი, ოპისტორქოზი, დიფილობოთრიოზი, ლოაოზი, პარაგონიმოზი.
ნაწლავის პარაზიტოზები ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: პროტოზოოზები — ლამბლიოზი, ამებიაზი, ჰელმინთოზები — ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი. უკანასკნელ ათწლეულში შეიცვალა პარაზიტოზების სტრუქტურა: მოიმატა ენტერობიოზმა, ტენიიდოზებმა, ფასციოლოზმა და ექინოკოკოზმა.

