სიახლეებზე დაბრუნება

ჯანმრთელობა

ენტერობიოზი

კუდმახვილით ინფექცია გავრცელებულია ყველა ქვეყანაში და ყველა ასაკში, უფრო ხშირად — სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში. როგორ ვრცელდება, როგორ დგინდება და როგორ ავიცილოთ თავიდან განმეორებითი დასნებოვნება.

ენტერობიოზი წვრილი, 1 სმ-მდე სიგრძის, თეთრი ჭიით — კუდმახვილათი, ანუ ენტერობიუსით (Enterobius vermicularis) გამოწვეული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა ასაკის ადამიანებში. უფრო ხშირად ავადდებიან სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები. ეს პარაზიტული დაავადება ადვილად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს.

დაავადებული ადამიანის ნაწლავში მცხოვრები ჭიები გადადიან ანალურ არეში და დებენ კვერცხებს, რაც, როგორც წესი, იწვევს ქავილს. მოფხანისას კვერცხები ეკვრება თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ, საგნებთან შეხებისას კი გადადის სათამაშოებზე, თეთრეულსა და სამომხმარებლო ნივთებზე. დასნებოვნება ხდება ხელების პირში ჩადებით, კვერცხებით დასვრილი ნებისმიერი ნივთით (სათამაშოები, ტანსაცმელი, ჭურჭელი), კვერცხების შემცველი მტვრით, ზაფხულში კი კვერცხების გადატანაში ბუზებიც მონაწილეობენ. საგნების ზედაპირზე კვერცხები სიცოცხლისუნარიანობას 1 თვემდე ინარჩუნებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ენტერობიოზის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არა მარტო სხვისთვის დაავადების გადადებას, არამედ თვითდასნებოვნებასაც.

ენტერობიოზის დროს პაციენტს აწუხებს უძილობა, გაღიზიანება, ქავილი უკანა ტანის არეში, შესაძლოა პერიოდულად აღენიშნებოდეს მუცლის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. გოგონებში ზოგჯერ შეიძლება აღინიშნებოდეს სასქესო ორგანოების ინფექციაც.

დიაგნოსტირება ტარდება ლაბორატორიულად — მიკროსკოპული გამოკვლევით ხდება კვერცხების აღმოჩენა განავალში ან პერიანალურ ანაფხეკში. შესაძლოა ზრდასრული პარაზიტი მშობელმა შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოს.

ენტერობიოზის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰელმინთური პრეპარატები, აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევა მკურნალობიდან სამი კვირის შემდეგ. რადგან კვერცხები ხანგრძლივად რჩება სიცოცხლისუნარიანი სათამაშოებზე, ონკანებზე, თეთრეულსა და ჭურჭელზე, საცხოვრებლის სველი წესით დალაგებასთან ერთად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა: დილა-საღამოობით დაბანა, თეთრეულისა და საცვლების გამოცვლა, ღამის პერანგების, საცვლებისა და პირსახოცების ცხელ წყალში რეცხვა, ფრჩხილების სისტემატური დაჭრა, ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა და ხელების ხშირი დაბანა.