სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი

საყურადღებო პარაზიტული დაავადებები ენტერობიოზი

ენტერობიოზი წვრილი, 1 სმ-მდე სიგრძის, თეთრი ჭიით – კუდმახვილა, ანუ ენტერობიუსით (Enterobius vermicularis) გამოწვეული დაავადებაა,  რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა ასაკის ადამიანებში. უფრო ხშირად ავადდებიან სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები. ეს პარაზიტული დაავადება ადვილად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. დაავადებული ადამიანის ნაწლავში  მცხოვრები  ჭიები გადადიან ანალურ არეში, დებენ კვერცხებს. ეს, როგორც წესი, იწვევს ქავილს აღნიშნულ არეში. მოფხანისას კვერცხები ეკვრება პაციენტის თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ. სხვადასხვა საგნებთან შეხებისას  კვერცხები გადადიან სხვა ზედაპირებზე, როგორიცაა სათამაშოები, თეთრეული,  სამომხმარებლო  ნივთები.  ადამიანის დასნებოვნება შეიძლება მოხდეს   ხელების უშუალოდ პირში ჩადებით, ნებისმიერი ნივთით, რომელიც დასვრილია კვერცხებით (სათამაშოები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და სხვა), მტვერით, რომელიც შეიცავს კვერცხებს,  ამასთან, ზაფხულში ბუზებიც მონაწილეობენ კვერცხების გადატანაში. საგნების ზედაპირზე კვერცხების სიცოცხლისუნარიანობის  ხანგრძლივობა აღწევს 1 თვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ენტერობიოზის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არა მარტო პაციენტისგან ამ პარაზიტული დაავადების  სხვისთვის გაადადებას, არამედ თვითდასნებოვნებასაც. 

ენტერობიოზის დროს პაციენტს აწუხებს უძილობა, გაღიზიანება, ქავილი უკანა ტანის არეში, შესაძლოა პერიოდულად აღენიშნებოდეს მუცლის არეში ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. დაავადების დროს  ზოგჯერ  გოგონებში შეიძლება აღინიშნებოდეს სასქესო ორგანოების ინფექციაც.

დიაგნოსტირება ტარდება ლაბორატორიულად  –  მიკროსკოპული გამოკვლევით ხდება კვერცხების აღმოჩენა განავალში ან პერიანალურ ანაფხეკში. შესაძლოა ზრდასრული პარაზიტი ნახოს მშობელმა შეუიარაღებელი თვალით.

ენტერობიოზის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰელმინური პრეპარატები, აუცილებელია მკურნალობიდან სამი კვირის შემდეგ საკონტროლო გამოკვლევა. საყურადღებოა, რომ პარაზიტული დაავადების გამომწვევი ჭიის კვერცხებს შეუძლიათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩნენ სიცოცხლისუნარიანი სხვადასხვა საგნის ზედაპირებზე: როგორიცაა სათამაშო, ონკანი, ლოგინის თეთრეული, ჭურჭელი და სხვა ნივთები, ამიტომ ჩვეულებრივ, საცხოვრებლის სველი წესით დალაგების გარდა, კვერცხების გავრცელებისა და რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის  დაცვა, რა გულისხმობს:  დილა-საღამოობით ტანის დაბანას, თეთრეულის და საცვლების გამოცვლას, სარეცხის (ღამის პერანგი, საცვლები და პირსახოცები)  ცხელ წყალში  გარეცხვსა;   ფრჩხილების სისტემატურ დაჭრას, მავნე ჩვევის – ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევას,  ხელების ხშირ დაბანას და ა. შ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *