პარაზიტულ და ტროპიკულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გავრცელების კონტროლის გარეშე მოსახლეობას ემუქრება მძიმე დაავადებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ხშირად იწვევს ადამიანის შრომისუნარიანობის დაკარგვას, იმდენად ასუსტებს ადამიანს, რომ არ გამორიცხავს სხვა, თანდართული ინფექციების დროს ლეტელურ გამოსავალს. მხოლოდ სისტემატიური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ აგვაცილებს ამ დაავადებებს.
XXI საუკუნეში პარაზიტული და ტროპიკული დაავადებები, ე.წ. `მივიწყებული დაავადებები~ კვლავ რჩება მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) პრიორიტეტულ მიმართულებად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში რეგისტრირდება 300 მილიონამდე მალარიის შემთხვევა, მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი დასნებოვნებულია ნაწლავთა პარაზიტოზებით. შინაური ცხოველები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, მცენარეული კულტურები ასევე იმყოფებიან პარაზიტების ზემოქმედების რისკის ქვეშ. თანამედროვე კლიმატური ცვლილებები არა-ტროპიკულ რეგიონებში ქმნის ხელშემწყობ ბუნებრივ პირობებს `მივიწყებული დაავადებების~ გამომწვევებისთვის და რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობას.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური ფაქტორები განაპირობებს სხვადასხვა პარაზიტული დაავადებების, და მათი გამომწვევებისა და გადამტანების ფართოდ გავრცელებას.
საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია პარაზიტულ დაავადებათა 30-ზე მეტი სხვადასხვა ნოზოლოგია. მათ შორის შემოტანილი პარაზიტოზები: ტროპიკული მალარია, ჰელმინთოზები: ნაწლავის შისტოზომოზი, ოპისტორქოზი, დიფილობოთრიოზი, ლოაოზი, პარაგონომოზი.
ნაწლავის პარაზიტოზები ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ადგილი აქვს მოსახლეობის დასნებოვნებას ნაწლავთა შემდეგი პარაზიტოზებით: პროტოზოოზებით- ლამბლიოზი, ამებიაზი, ჰელმინთოზებით – ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი. სიტუაციის შეფასებისას გამოვლინდა, რომ უკანასკნელ ათწლეულში შეიცვალა პარაზიტოზების სტრუქტურა. კერძოდ, მოიმატა ენტერობიოზმა, ტენიიდოზებმა, ფასციოლოზმა, ექინოკოკოზმა.