2024 წლის 18 ივლისს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ოთარ ზენაიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. განუზომლად დიდია ბატონი ოთარის ღვაწლი საქართველოში სამედიცინო პარაზიტოლოგიის დარგის განვითარებაში. 1950 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იგი მოღვაწეობდა ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მან განვლო გზა ორდინატორიდან კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობამდე, იყო საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ბატონი ოთარი კლინიკურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რამდენიმე მონოგრაფია, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია პარაზიტული და ტროპიკული დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის აქტუალურ საკითხებთან. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო გამოცემებში. მის მიერ საქართველოში პირველად აღწერილია ადამიანის ზოგიერთი იშვიათი ჰელმინთოზი – ნაწლავის შისტოზომოზი, ლოაოზი, პარაგონიმოზი და მონიეზიოზი. აღსანიშნავია ბატონი ოთარის ნაყოფიერი საქმიანობა მალარიის, ლეიშმანიოზის, ექინოკოკოზის, ფასციოლოზის დიაგნოსტიკის, კონსერვატიული მკურნალობისა და პრევენციის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორი დისერტაცია, აღზრდილია ექიმ- პარაზიტოლოგთა რამდენიმე თაობა.
ასევე აღსანიშნავია ბატონი ოთარის პიროვნული თვისებები: მაღალი ზნეობა, უდიდესი პროფესიონალიზმი, დახვეწილი იუმორი, თავმდაბლობა და უსაზღვრო სიკეთე.
დღესაც დიდი სიყვარულით იგონებენ ბატონ ოთარს კოლეგები და მადლიერი პაციენტები. ბატონი ოთარის იუბილესთან დაკავშირებით სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტმა გამოსცა კრებული, სადაც შესულია თანამშრომლების მოგონებები. კრებულში კოლეგები დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებენ ღვაწლმოსილ მკურნალს, ბრწყინვალე პიროვნებას და პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას.